English / ქართული / русский /
ვლადიმერ სულაბერიძე
მოსახლეობის აღწარმოების უახლესი „ცივილიზებული" თუ დეპოპულაციური ტიპი!?

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია დეპოპულაციის, როგორც მოსახლეობის აღწარმოების უახლესი ტიპის თეორიული საკითხები, მოცემულია დეპოპულაციის ფაზების განვითარების ავტორისეული ჰიპოთეზური ვარიანტი და მოყვანილია მისი ფორმირების პროცესი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. მოცემულია მისი მოსალოდნელი ნეგატიური შედეგები.

საკვანძო სიტყვები: დეპოპულაცია, ცივილიზებული ტიპი, თანამედროვე ტიპი, ფაზა, ტიპთაშორისი პერიოდი. 

შესავალი

ა. ლანდრი მიიჩნევდა, რომ მოსახლეობის აღწარმოების  თანამედროვე ტიპს შესაძლებელია მოჰყოლოდა მოსახლეობის რეგრესი. მე-20 საუკუნის ბოლოდან უკვე ბევრი დემოგრაფი აღნიშნავდა მოსახლეობის აღწარმოების უახლესი ტიპის ფორმირებას, რომლის დროსაც მოკვდაობა აჭარბებს შობადობას და მოსახლეობის ბუნებრივი მატების ნაცვლად სახეზეა კლება და იწყება მოსახლეობის ბუნებრივი შემცირება. 

თანამედროვე ეტაპზე მსოფლიოში უკვე აღინიშნა მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპის მესამე ფაზა, რასაც ადასტურებს 2010-2015 წწ. მოკვდაობის მინიმალური დონის (7,77%) დაფიქსირება და მისი ზრდის ტენდენციის დაწყება, მასთან ერთად კი, შობადობის შემცირების ტემპის ზრდა. რაც შეეხება უახლეს ტიპს, არსებული დემოგრაფიული ტენდენციის თანახმად, გაეროს პროგნოზით, 3000 წლამდე ნაკლებადაა მოსალოდნელი[www.esa.un.org]. 

ამ თვალსაზრისით, მსოფლიოს თანამედროვე დემოგრაფიული განვითარება მრავალფეროვნებით ხასიათდება. თუ ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპი უახლესით იცვლება, ზოგიერთში იგი ბოლო ფაზაშია, ხოლო ზოგიერთში კი თანამედროვე ტიპის მეორე ფაზაა.

საინტერესო ვითარებაა სამხრეთ კავკასიაშიც, თუ აზერბაიჯანში ახლა იწყება მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპის მესამე ფაზა (მოკვდაობის დონე 2015 წლისთვის 5,7‰‰-მდე დაეცა და მასთან ერთად აღინიშნება შობადობის მნიშვნელოვანი შემცირების ტენდენცია 2016 წლისათვის 16,5‰‰-მდე), სომხეთში მესამე ფაზა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისად აღინიშნება და გაეროს მონაცემების თანახმად 2020-2025 წლებშია მოსალოდნელი მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპის დამთავრება და უახლესი ტიპის დაწყება [www.esa.un.org].

რაც შეეხება საქართველოს, მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპი გასული საუკუნის 90-იან წლებში დამთავრდა და 1992 წლიდან იმყოფება თანამედროვედან უახლეს ტიპზე გარდამავალ პერიოდში [სულაბერიძე ა., 2016: 14-23] და 2020 წლიდან მოსალოდნელია მოსახლეობის აღწარმოების უახლესი ტიპის საბოლოო ფორმირება, რომლის დროსაც, როგორც ა. ლანდრი აღნიშნავდა, მოსალოდნელია მოსახლეობის რეგრესი [Landry A. 934: 203], ანუ მოსახლეობის მოკვდაობის დონე გადააჭარბებს შობადობის დონეს და იქნება ბუნებრივი მოძრაობის უარყოფითი ბალანსი, რაც დეპოპულაციის დაწყებაზე მიუთითებს.

ზემოთქმული ადასტურებს, რომ საქართველო ხასიათდება ევროპული ტიპის დემოგრაფიული ქცევით და კარგა ხანია მიეკუთვნება დემოგრაფიულად განვითარებულ ქვეყნებს, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ევროპის სხვა განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით იგი ზოგიერთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის მსგავსად (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი), ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყნების რიგშია.

ამრიგად, დემოგრაფიული გადასვლის კონცეფციის თანახმად, ევროპაში და მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნების მსგავსად, თანდათან მთავრდება შობადობის და მოკვდაობის მაღალ დონეზე კვაზი-წონასწორობის ერა და დგება შობადობისა და მოკვდაობის დაბალ დონეზე წონასწორობის ახალი ეტაპი, რომლისთვისაც, განსხვავებით წინა პერიოდებისა, ნაცვლად მოსახლეობის ახალგაზრდული სტრუქტურისა (მოსახლეობის სტრუქტურის პროგრესული ტიპი), ძირითადად დამახასიათებელია დაბერებული მოსახლეობა (მოსახლეობის სტრუქტურის რეგრესული ტიპი) [Иванов С. 2002].

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის აღწარმოების უახლესი ტიპის თაობაზე, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ფრაგმენტულ სტატიებს, ა. ლანდრისეული კონცეფციის მსგავსი კლასიკური თეორია ჯერ კიდევ არ შემუშავებულა.

ზოგიერთი დემოგრაფი მიმდინარე დემოგრაფიულ პროცესებს მიიჩნევს მოსახლეობის აღწარმოების უახლეს „ცივილიზებულ ტიპზე" გადასვლის მსოფლიო ზოგად კანონზომიერ ტენდენციად [Гундарев И.А. 2001: 123].

რაც შეეხება ქართველ დემოგრაფებს, ამ საკითხზე მოსაზრება ჯერჯერობით არავის არ გამოუთქვამს, თუმცა მათ შორის არსებობს ერთიანი აზრი, რომ საქართველოში არსებულ კრიტიკულ დემოგრაფიულ სიტუაციას აუცილებლად დეპოპულაცია მოჰყვება [Сулаберидзе А. 2001; ჩიქავა ლ. 2004; წულაძე გ. 2016; თოთაძე ა. 2001; სახვაძე ა. 2002].

ამდენად, 1960-იანი წლების შუა პერიოდში მეორე დემოგრაფიული გადასვლის თაობაზე დაწყებული მსჯელობა, მე-20 საუკუნის ბოლოს მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპის დასრულების და აღწარმოების უახლეს „ცივილიზებულ ტიპზე" გადასვლის დისკუსიით გაგრძელდა [Carlson A. 1990: 63; Kaa Van de D. 1987: 57].

ჩვენ ვიზიარებთ მოსახლეობის აღწარმოების უახლესი ტიპის თაობაზე არსებულ შეხედულებებს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ძნელია უწოდო მოსახლეობის აღწარმოების ისეთ ტიპს „ცივილიზებული", სადაც მოკვდაობა ჭარბობს შობადობას და თავი რომ დავანებოთ მოსახლეობის მარტივ აღწარმოებას, არ არსებობს მოსახლეობის ბუნებრივი მატება მიზერულ დონეზე მაინც.

ამ პრობლემის თეორიულ-მეთოდოლოგიურ საკითხებზე მსოფლიოს დემოგრაფთა შორის მსჯელობა ნაკლებად შეინიშნება. ამ თვალსაზრისით, აუცილებლად მიგვაჩნია განვიხილოთ, რომელი უფრო მართებულია „ცივილიზებული" თუ დეპოპულაციური ტიპი.

* * *

ტერმინი – დეპოპულაცია, ფრანგული სიტყვაა („depepules“) და გულისხმობს მოსახლეობისგან ტერიტორიის დაცარიელებას, გაუკაცრიელებას, ამოხოცვას. დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიურ ლექსიკონში იგი განმარტებულია, როგორც ქვეყნის ან რომელიმე ტერიტორიის მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობის შემცირება ან მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოება, რომლის დროს მომდევნო თაობების რიცხოვნობა ნაკლებია წინაზე. დეპოპულაციას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მოკვდაობის ზოგადი კოეფიციენტის სიდიდე ჭარბობს შობადობის ზოგადი კოეფიციენტის სიდიდეს [წულაძე გ. 2012: 79].

ა. სახვაძე, გამოდის რა ფრანგული სიტყვის დეპოპულაციის პირდაპირი გაგებიდან – ტერიტორიის დაცარიელებიდან, გაუკაცრიელებიდან, მიიჩნევს, რომ იგი შესაძლებელია როგორც ბუნებრივი, ისე მექანიკური (მიგრაციული) კლებით. ანუ ამა თუ იმ ტერიტორიის ნებისმიერი ფორმით მოსახლეობის აბსოლუტურ შემცირებას იგი დეპოპულაციად მიიჩნევს [სახვაძე ა. 2002: 52].

ა. სულაბერიძის აზრით კი, დეპოპულაციის პროცესი წლების მანძილზე ბუნებრივად მიმდინარე მოსახლეობის ბუნებრივი კლების შედეგია და არა მიგრაციის უარყოფითი სალდოსი. დავუშვათ, ორგანიზებული მიგრაციით ერთი ტერიტორიიდან მეორეზე გადავიყვანეთ მოსახლეობა და ის ტერიტორია დაცარიელდა, გაუკაცრიელდა. ეს დეპოპულაცია იქნება? მოსახლეობის ის რაოდენობა სხვა ტერიტორიაზე ხომ არსებობს, არ ამოხოცილა. „დეპოპულაცია" უწინარესად უნდა განვიხილოთ ზოგადად, აბსტრაქციაში, როგორც დემოგრაფიული მოვლენა, მისი ზუსტი არსი კარგად ჩანს პლანეტის მასშტაბით, თუმცა დეპოპულაციის პროცესი აღინიშნება (იწყება) ჯერ რომელიმე ტერიტორიაზე, შემდეგ სახელმწიფოში, მსოფლიოს სუბრეგიონში, კონტინენტზე და ბოლოს პლანეტაზე _ დედამიწაზე. თითოეულ მათგანში განვითარებული დეპოპულაციის პირობებში, მოცემული ტერიტორია უკვე დგება ამოწყდომისა და გაუკაცრიელების საშიშროების წინაშე. დედამიწის მოსახლეობის ბუნებრივი კლების შედეგად, სხვა პლანეტიდან მიგრაციის არარსებობის გამო, დედამიწის გაუკაცრიელებას ვერ ავიცილებთ. ამიტომ დეპოპულაცია უწინარესად შობადობაზე მოკვდაობის გადამეტებაში აისახება.

ამასთან, მივიჩნევთ, რომ არსებობს ფარული და ღია სახის დეპოპულაცია, თუ ტერიტორიის რაოდენობრივი შემცირების შეჩერება ან ზრდა მიგრაციით მალავს ავტოქტონური მოსახლეობის დეპოპულაციის პროცესს და მას ფარული ხასიათი აქვს.

თუ მოსახლეობის ბუნებრივი მატება არსებობს, მაგრამ იგი ვერ ფარავს მიგრაციის უარყოფით სალდოს, მაშინ საქმე გვაქვს მოსახლეობის აბსოლუტურ შემცირებასთან და არა დეპოპულაციასთან. თუ ბუნებრივი კლება აღემატება მიგრაციის დადებით სალდოს, მოსახლეობის აბსოლუტური რაოდენობის შემცირებით, მიგრაციის დადებითი სალდოს მიუხედავად, დეპოპულაცია უკვე ღია ფორმის იქნება. ხოლო თუ მოსახლეობის ბუნებრივ კლებას ფარავს (აჭარბებს) დადებითი მიგრაციული სალდო, იგი ფარული ფორმის დეპოპულაცია იქნება. გარდა ამისა, დეპოპულაციის პროცესის ტენდენციის პროგნოზი უმჯობესია განისაზღვროს მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტით, სადაც, მიუხედავად ჰიპოთეზურობისა, კომპლექსურად აისახება მოსალოდნელი დეპოპულაციის პროცესი [სულაბერიძე ა... 2004: 63-76].

თუ დემოგრაფიულ ენციკლოპედიაში დეპოპულაციაზე მოყვანილი შინაარსით ვიმსჯელებთ, იქ ნათლადაა განმარტებული, რომ: „დემოგრაფიული ანალიზისას, ჰიპოთეზური თაობის მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ტერმინით „დეპოპულაცია" ჩვეულებრივ აღნიშნავენ მოსახლეობის აღწარმოების ისეთ რეჟიმს, რომლის დროსაც მოსახლეობის აღწარმოების ნეტო კოეფიციენტის სიდიდე ნაკლებია ერთზე" [წულაძე გ. 2012: 79], პირდაპირ გულისხმობს, როგორც მიზეზს და არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ მიგრაციით გამოწვეული მოსახლეობის აბსოლუტური შემცირება დეპოპულაციაა.

ამდენად, დეპოპულაციის შინაარსში უწინარესად უნდა ვიგულისხმოთ მხოლოდ მოსახლეობის ბუნებრივი შემცირება. აღნიშნულს ასევე ადასტურებს პროფ. ლ. ჩიქავაც სტატიაში: „დეპოპულაცია გადაშენებით გვემუქრება", სადაც წერს, რომ: „... შობადობის მკვეთრი დაცემა, მოკვდაობის (განსაკუთრებით ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის) ზრდა და, როგორც ამის ლოგიკური შედეგი, ყოველწლიურად გარდაცვლილთა გადამეტება დაბადებულთა რიცხოვნობაზე, რომელსაც დემოგრაფიულ ენაზე დეპოპულაციას უწოდებენ" [ჩიქავა ლ., 2004].

ჩვენ მიერ დეპოპულაციის მოსახლეობის აღწარმოების ტიპად მიჩნევის ერთ-ერთი არგუმენტია მისი, როგორც მოსახლეობის ბუნებრივი კლების რეალობა. მართალია, იგი ადრეულ წლებში, როგორც რეალობა არსებობდა და ახლაც არსებობს ცალკეული ქვეყნების, როგორც შიგა ცალკეულ ტერიტორიულ ერთეულებში, ისე თვით ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ იგი მაინც ფრაგმენტული იყო და მისი დაბალი დონე გატარებული დემოგრაფიული პოლიტიკით შემცირების შეჩერებისა და ზრდის საშუალებას იძლეოდა.

საქართველომდე, სადაც დეპოპულაცია მის ცალკეულ რაიონებში (რაჭა-ლეჩხუმი, გურია-იმერეთის სოფლები) 1970-იანი წლების შუა ხანებში დაფიქსირდა [სულაბერიძე ა. 2007], იგი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში (საფრანგეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, გერმანია) აღინიშნა. მისი ფრაგმენტული ხასიათი დროის გარკვეულ პერიოდში გატარებული აქტიური სოციალურ-დემოგრაფიული პოლიტიკით აღიკვეთა და მომდევნო წლებში ამ ქვეყნებში მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოებაც კი იყო.

წინა პერიოდებში ცალკეულ ქვეყნებში  იგი ლოკალურ ხასიათს ატარებდა,  დღეისთვის კი დეპოპულაციამ ბევრი ქვეყანა მოიცვა და დემოგრაფიული განვითარების კანონზომიერების თანახმად, იგი თანდათან საყოველთაო ხდება. მოკვდაობასთან შედარებით შობადობის წინმსწრები ტემპით შემცირების შედეგად ბუნებრივი მატების აშკარა შემცირება აღინიშნება ბუნებრივი მატების დამახასიათებელ განვითარებად ქვეყნებშიც.

მოსახლეობის აღწარმოების წინა ტიპისგან განსხვავებით, დემოგრაფიული დაბერების მაღალი ტემპის პირობებში დემოგრაფიული სტრუქტურის გაუარესების, ისედაც დაბალ დონეზე არსებული შობადობის შემცირების და მოკვდაობის ზრდის მაღალი ტემპის გლობალური ტენდენცია აშკარად ადასტურებს ფრაგმენტულის ნაცვლად, მსოფლიოს მასშტაბით მის კანონზომიერ ხასიათს, რაც დემოგრაფიული განვითარების მომდევნო ეტაპზე არ გამოირიცხება არც ერთ ქვეყანაში.

დეპოპულაცია, გლობალურთან ერთად, უკვე ხანგრძლივი დროის მოვლენად უნდა მივიჩნიოთ. აღწარმოების შეკვეცილი რეჟიმის პირობებში კიდევ უფრო გაუარესდება დემოგრაფიული სტრუქტურა, ხოლო შობადობის სფეროში არსებული ოჯახის დაგეგმვის გლობალური პოლიტიკა კიდევ უფრო შეამცირებს შობადობის დონეს განვითარებად ქვეყნებშიც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ განვითარებულ ქვეყნებზე.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მსოფლიო მოსახლეობის ბუნებრივი მატების შემცირება ორმხრივად მიმდინარეობს. ერთი მხრივ, შობადობის შემცირებით, მეორე მხრივ, მოკვდაობის ზრდით. განსაკუთრებით საშიში მასშტაბები შეიძინა ამ პროცესმა დეპოპულაციისა და დაბალი აღწარმოების მქონე ქვეყნებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დეპოპულაცია უკვე წარმოგვიდგება როგორც მოსახლეობის აღწარმოების ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია მოსახლეობის უარყოფითი ბუნებრივი მატების საყოველთაო პარამეტრები. კერძოდ, შობადობას რამდენადმე აღემატება მოკვდაობა.

ამდენად, ა. ლანდრის მიერ შემოთავაზებული მოსახლეობის აღწარმოების ტიპებთან პრიმიტიულთან, ტრადიციულთან და თანამედროვესთან ერთად, ჩვენ დასაშვებად მივიჩნევთ  მოსახლეობის აღწარმოების რეგრესული – უახლესი ტიპის დეპოპულაციის სახით არსებობას.

ძნელია ივარაუდო, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება დეპოპულაცია როგორც აღწარმოების ტიპი. მოსახლეობის აღწარმოების სხვა ტიპებისგან განსხვავებით, შეიძლება იგი ნაკლებ ხანს გაგრძელდეს, მაგრამ მალთუსის ორი საუკუნის წინ ფაქტობრივად პროგნოზირებადი მოვლენა მოსახლეობის აღწარმოების ტიპად უნდა განვიხილოთ. რაც შეეხება ფაზათა რაოდენობას, ისევე როგორც ჩვენეულ ჰიპოთეზას აღწარმოების უახლესი ტიპის თაობაზე, შემდგომი კვლევისა და დემოგრაფთა კამათის შედეგად უნდა დადგინდეს. იგი შეიძლება იყოს როგორც ერთფაზიანი, ისე მრავალფაზიანი.

ჩვენეული ჰიპოთეზით, დეპოპულაცია, როგორც მრავალფაზიანი მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოების ტიპი, შეიძლება შემდეგნაირად განვითარდეს.  პირველ ფაზაში მოკვდაობის ზრდის ტემპი ჩამორჩება შობადობის შემცირების ტემპს ან თითქმის თანაბარია, მაგრამ მოკვდაობისა და შობადობის დონეთა შორის სხვაობა თანდათანობით პირველის სასარგებლოდ იზრდება. პირველი ფაზის დაწყების პერიოდში დასაშვებია პერიოდულად შობადობის და მოკვდაობის დონეთა გათანაბრობით მოსახლეობის ნულოვან ფარგლებში მატებაც (0,1, 0,2.... 0,9).

მეორე ფაზაში მოკვდაობის ზრდის, ხოლო შობადობის შემცირების მაღალი ტემპის გამო, იზრდება მათ შორის სხვაობა მოკვდაობის სასარგებლოდ და შესაბამისად ბუნებრივი კლება აბსოლუტურად მატულობს.

მესამე ფაზაში მოკვდაობა აღწევს მაქსიმუმს და სტაგნაციის ფონზე იწყებს კლებას, შესაბამისად შობადობის თანდათანობითი ზრდის ფონზე ეცემა დეპოპულაციის დონე, რაც ბუნებრივი კლების მნიშვნელოვანი შემცირების ტენდენციაში აისახება. მესამე ფაზის ბოლოს, დემოგრაფიული სისტემის თვითრეგულაციის გააქტიურების  შემთხვევაში, საზოგადოებისა და ოჯახის დემოგრაფიული ქცევის მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვევს აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის წინა პლანზე წამოწევას. შედეგად, მოსალოდნელია შობადობისა და მოკვდაობის ჯერ გათანაბრება, შემდეგ ბუნებრივი მატება დაბალ დონეზე.

მეორე ფაზა, დროის ხანგრძლივობით, პირველ და მომდევნო – მესამე ფაზაზე მეტ ხანს უნდა გაგრძელდეს, რამდენადაც ამ პერიოდში მოსალოდნელია მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდის ხარჯზე, და განვითარებად ქვეყნებში ოჯახის დაგეგმვის ფორმების ფართოდ გავრცელების შედეგად, შობადობის შემცირებით მსოფლიო მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების ზრდა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მოკვდაობის დონეს. ამ პერიოდში ასევე მოსალოდნელია, მოკვდაობის ზრდაზე (განსაკუთრებით რეპროდუქციულ ასაკებში) გავლენა იქონიოს როგორც ეგზოგენური, ისე ენდოგენური ფაქტორებით გაზრდილმა დაავადებებმა. პირველი მათგანი მოსალოდნელია მზარდი ეკოლოგიური დაბინძურების პირობებში, ინფექციურ დაავადებათა ზრდით [ჴჴჰ., 2001: 77], ხოლო მეორე, დღეისათვის ჯერჯერობით დაუძლეველი, უკურნებელი დაავადებების (ავთვისებიანი სიმსივნე, შიდსი) და ჯერ კიდევ უცნობი, მოსალოდნელი  ენდოგენური დაავადებების ზრდით. ამდენად, არ არის გამორიცხული შობადობასთან შედარებით, ორივე ფაქტორით მოკვდაობის მაღალი დონე.

ვფიქრობთ, განსხვავებით მოსახლეობის აღწარმოების წინა ტიპებისგან, უახლესი ტიპის მეორე ფაზაში შობადობა და მოკვდაობა (შობადობა 5-8‰, ხოლო მოკვდაობა 10-15‰) უფრო დაბალ დონეზე იქნება, თუმცა მოსახლეობის ბუნებრივი კლების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი იქნება და იგი 5-10 პრომილეს ფარგლებში იქნება. ამის საფუძველს გვაძლევს, გაეროს ექსპერტთა პროგნოზების შესაბამისად, შობადობისა და მოკვდაობის სტაბილიზაცია ერთობ დაბალ დონეზე.

გაეროს ექსპერტთა პროგნოზების 2017 წლის გადასინჯვის [www.esa.un.org] შესაბამისად ვფიქრობთ, რომ მესამე ფაზა ამ საუკუნის 50-იანი წლების შემდეგ პერიოდში უნდა დაიწყოს. პლანეტის დეპოპულაციის ერთობ კრიტიკული დონე დღის წესრიგში დემოგრაფიულ უსაფრთხოებას საყოველთაოდ დააყენებს. სწორედ ამ პერიოდისთვისაა მოსალოდნელი, დემოგრაფიული სისტემის თვითრეგულაციის შედეგად, შობადობის ზრდის დაწყება და მოკვდაობის სტაბილიზაცია მასთან შედარებით მაღალ დონეზე. ამ პერიოდიდან მოკვდაობის დონის მრუდის ზემოდან ქვემოთ დაცემის საპირისპიროდ მოსალოდნელია შობადობის დონის მრუდის ქვემოდან ზემოთ გაზრდა და ფაზის ბოლოს მათი ერთ დონეზე გათანაბრება.

ბუნებრივია, დეპოპულაციის ფაზათა ჩვენეული ვარიანტი ჰიპოთეზურია და იგი შემდგომი კვლევის ობიექტია, ამიტომ მის სიზუსტეზე პრეტენზიას ვერ განვაცხადებთ. ამასთან, შემოთავაზებული სახელის „ცივილიზებული ტიპის" ნაცვლად, ჩვენი აზრით, უფრო მართებული იქნება მას ეწოდოს „დეპოპულაციური ტიპი", ან მალთუსის თეორიიდან გამომდინარე – „მალთუსისეული ტიპი", რაც, ალბათ, მიუხედავად გარკვეული უთანხმოებისა, სამართლიანად დაიმსახურა მალთუსმა.

მოსახლეობის აღწარმოების წინანდელი ტიპებისგან განსხვავებით, უახლესი ტიპის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს მცირერიცხოვანი ერების ფიზიკური უწყვეტობის შენარჩუნება. არ გამოირიცხება ცალკეულ ქვეყნებში „ეგზოტიკური მოსახლეობის" წარმოქმნა, რაც დღის წესრიგში აყენებს მცირერიცხოვანი ერების დემოგრაფიული უსაფრთხოების პრობლემებს [სულაბერიძე ა., 2002: 5-11].

გარემოსა და განვითარების საკითხებზე, ჯერ კიდევ გაეროს 1992 წლის კონფერენციაზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, გამართულიყო ცალკე კონგრესი ხალხთმოსახლეობის, გარემოსა და უწყვეტი ურთიერთკავშირის თაობაზე, რომლის პრაქტიკულ დადასტურებას წარმოადგენდა ხალხთმოსახლეობისა და განვითარების საკითხებზე 1994 წელს კაიროში გამართული გაეროს კონფერენცია. ამასთან, 1997 წლის გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე მიღებულ იქნა 21-ე საუკუნეში ხალხთმოსახლეობის სფეროში შემდგომი მოქმედების პროგრამა, სადაც აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მოსახლეობის ზრდის ტემპების შემცირება გლობალური მასშტაბით და მისი ტენდენციების შენარჩუნება მიგვიყვანს 21-ე საუკუნის შუახანებში მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობრივ სტაბილიზაციამდე. ამიტომ აუცილებელია ვაღიაროთ დემოგრაფიული ტენდენციებისა და მდგრადი განვითარების ფაქტორების უწყვეტი ურთიერთკავშირი [ООН., 2001].

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკურ, ეკოლოგიურ, პოლიტიკურ და სხვა ფაქტორთა ურთიერთკავშირთა შორის მნიშვნელოვანი როლი დემოგრაფიულ უსაფრთხოებასაც ენიჭება, განსაკუთრებით კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მცირერიცხოვან ერებში.

ა. სახვაძის აზრით, „დეპოპულაცია შეიძლება მივიჩნიოთ საზოგადოების, როგორც მთლიანი სოციალური ორგანიზმის „საერთო მექანიზმის" მოშლის ერთ-ერთ ობიექტურ კრიტერიუმადაც" [სახვაძე ა. 2002: 52.].

პროფ. ა. ანტონოვი „დეპოპულაციის ყველაზე მეტ საშიშროებას უახლოეს ათწლეულში, რიგი „მინი-ერების" და ხალხთა მთლიანად გაქრობაში ხედავს, რასაც ერთაშორისი კონფლიქტების გამწვავება მოჰყვება".

ამ თვალსაზრისით ნიშანდობლივია პროფ. ლ. ჩიქავას აზრი: „სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო იმ სახელმწიფოთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთაც (თუმცა შორეულ მომავალში) თავისი გენოფონდის გადაშენების საშიშროება ემუქრებათ. ეს რომ ასეა, ნათლად ჩანს მისი დღევანდელი მწვავე დემოგრაფიული ვითარებიდან, მოსახლეობის აღწარმოების, მკვეთრად გამოხატული ტენდენციებიდან, რომელმაც უკანასკნელ ხანებში აშკარად დემოგრაფიული კრიზისის ხასიათი მიიღო" [ჩიქავა ლ., 2004].

ძნელია არ დაეთანხმო ა. ანტონოვის და ლ. ჩიქავას მიერ გამოთქმულ შიშს, მით უფრო, რომ სამხრეთ კავკასიის, ბალკანეთისა და მსოფლიოს ცალკეულ რეგიონებში 1990-2000 წლებში მცირერიცხოვან ერებს შორის არსებული ეთნოკონფლიქტების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს, რეალურად, მათი ფიზიკური უწყვეტობისა და თვითმყოფადობის უსაფრთხოებისთვის ბრძოლა წარმოადგენდა. განსაკუთრებით გამწვავდა ეს კონფლიქტები ახლადწარმოქმნილ დამოუკიდებელ ქვეყნებში, სადაც თავის დროზე, კომუნისტური რეჟიმის პირობებში გატარებული არასწორი ეროვნული პოლიტიკის შედეგად დაგროვილმა პრობლემებმა მონათესავე ერთა შორისაც კი, დაძაბული ვითარების ფონზე ეთნოკონფლიქტების წარმოქმნას შეუწყო ხელი [Антонов А.1999: 13].

ჩვენ მივეკუთვნებით დემოგრაფთა იმ ნაწილს, ვინც დეპოპულაციას განიხილავს, როგორც კაცობრიობის ეთნიკური საგანძურიდან რომელიმე მცირერიცხოვანი ეთნოსის გაქრობის საშიშროებას.

ჩვენ ვეთანხმებით ა. ანტონოვს, რომ „დეპოპულაცია საზოგადოებისა და ოჯახის ქცევის მნიშვნელოვან სახეცვლილებასთან ერთად, გამოიწვევს პროგრესული კაცობრიობის მიერ აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკის წინა პლანზე წამოწევას" [Антонов А.1999: 15]. 

დასკვნა

ამდენად, მოსახლეობის უახლესი ტიპი – დეპოპულაცია, როგორც კანონზომიერი დემოგრაფიული პროცესი, რაც უფრო მოკლევადიანი იქნება ქვეყანაში, მით უფრო უსაფრთხოა იგი ქვეყნისა და ერის არსებობისათვის. ამიტომ, ამ თვალსაზრისით აუცილებელია, საზოგადოებამ და ხელისუფლებამ ჯეროვანი დასკვნების საფუძველზე, დეპოპულაციის დროული აღმოფხვრის მიზნით, შეიმუშაოს და გაატაროს სათანადო აქტიური დემოგრაფიული პოლიტიკა. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. დემოგრაფიის მოკლე ენციკლოპედიური ლექსიკონი. 2012. შემდგენელი გ. წულაძე. თბილისი.

2. თოთაძე ა. 2001. ახალი დემოგრაფიული საფრთხე. ჟ. „დემოგრაფია", #2, გვ. 70-81.

3. სახვაძე ა. 2002. დემოგრაფიული ეტიუდები. ტ. 1. თსუ.

4. სულაბერიძე ა. 2002. დემოგრაფიული ექსპანსია. ჟ. სოციალური ეკონომიკა, №5.

5. სულაბერიძე ა., სულაბერიძე ვ. 2004. მოსახლეობის აღწარმოების უახლესი ტიპის, ფაზათაშორისი, ტიპთაშორისი გარდამავალი პერიოდის შესახებ. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიის და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის შრომების კრებული, ტ. 2, თბილისი.

6. სულაბერიძე ა. 2007. ფიქრები ქართულ ოჯახსა და დემოგრაფიაზე.

7. საქართველოს უსაფრთხო დემოგრაფიული განვითარების პოლიტიკა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კონფერენციის კრებული. 2015.

8. სულაბერიძე ა. 2016. საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ზოგადი ტენდენციები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მონოგრაფია. საქართველოში მართლმადიდებელ მორწმუნეთა დამოკიდებულება სოციალურ-დემოგრაფიული ქცევისა და ოჯახის პრობლემებისადმი.

9. ჩიქავა ლ. 2004. დეპოპულაცია გადაშენებით გვემუქრება. გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა". №29-32. თებერვალი,

10. წულაძე გ., სულაბერიძე ა. 2016. საქართველოს რეგიონების დემოგრაფიული თავისებურებები.

11.  Carlson A. 1990. Famlily questions: Reflection on the American Social Crisis. New Brunswick; Oxford, p. 63

12. Kaa Van de D. 1987. Europe’s Second Demographic Tranition //Population Bulletin. Vol. 42(1).

13.  Landry A. 1934. La revolution demographique.

14. Антонов А.И. 1999. Политическая демография, проблемы противодействия, упадок семьи и депопуляция. В сб. «Демографические процессы и семейная политика: региональные проблемы». Материалы Российской н/п конференции. Липецк- Москва.

15.  Гундарев И.А. 2001. Демографическая катастрофа в России: причины, механизм, пути преодоления. М.

16. Иванов С. 2002. Новое лицо брака в развитых странах. Информационный бюллетень Центра демографии и экологии человека Института народохозяйственного прогнозирования РАН №63. июнь.

17. Народонаселение, окружающая среда и развитие. Краткий доклад Организации объединенных наций. Нью-Йорк, 2001.

18.  Сулаберидзе А. 2001. Депопуляция в странах с переходной экономикой. Ж. «Социологические исследования». №11-01.

19. Сулаберидзе А. 2014. Особенности демографического перехода в Грузии на фоне посткоммунистических стран. ხჳვ Апрельская международная научная конференция по проблемам развития экономики и общества. т. 2. 11. მ.

20. Сулаберидзе А. Сулаберидзе В. 2014. Проблемы формирования социальной структуры населения Грузии в переходный период. Демографические исследования. Выпуск 23. МГУ им. М.В. Ломоносова. Экономический факультет. Центр по изучению проблем народонаселения. Москва.

21. www.esa.un.org/unpd/wpp